17-18 ოქტომბერს, რიყის პარკში ,,ჩაისა და თაფლის ფესტივალი“ იმართება

„თბილისობის“ ღონისძიების ფარგლებში, 17-18 ოქტომბერს, თბილისში, რიყის პარკში უკვე ტრადიციად ქცეული ,,ჩაისა და თაფლის ფესტივალი“ იმართება.
ფესტივალი საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ და შპს „მნათობი“.
ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ გახსნეს.
მინისტრმა ფესტივალის მონაწილეებს, ჩაის მწარმოებლებსა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას ,,თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა და მეჩაიეობის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2015“-ში მონაწილეობენ ჩაისა და თაფლის ადგილობრივი და იმპორტიორი 15-მდე კომპანია. ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის და მეფუტკრეობის სფეროებში დასაქმებული ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და კოოპერატივების მხარდაჭერა, ადგილობრივ ბაზარზე ნატურალური ჩაისა და თაფლის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში, ჩაის პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით ყველა მეჩაიეობის რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი) არის წარმოდგენილი.
გაიმართება ჩაის, თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ჩატარდება კონკურსი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის გამოსავლენად. გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ.
ფესტივალის სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი ჩაისა და თაფლის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ექნებათ.
ჩაისა და თაფლის ფესტივალი მეჩაიეობისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. უკვე რამდენიმე წელია ფესტივალი ტრადიციულად ,,თბილისობის“ ღონისძიების ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები