ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ლევან გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 1979 წელს დაბადებული გოჩა ვ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გურიელის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 6 ვაზნა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის თანმხლები ორი პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ერთ-ერთი მათგანი 1989 წელს დაბადებული თეიმურაზ ქ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ემუხლის 1-ლი ნაწილით).