თბილისობის 36-წლიანი ტრადიცია (ფოტოკოლაჟი)

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
პირველივე ღონისძიებამ განსაზღვრა მისი ხასიათი: ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას დედაქალაქში წარსულისა და აწმყოს შეხვედრა ხდება და ძველი თბილისი ცოცხლდება. ისტორიულ უბნებში კვლავ შეხვდებით ყარაჩოღელებს, კინტოებსა და მეთულუხჩეებს.
ახლად დაარსებული თბილისობის აღნიშვნა რესტავრირებულ უბნებში განხორციელდა და კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო: თბილისური სახლების აივნებიდან, როგორ ოდესღაც, ახლაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოწყობილი ,,კნეინები” გადმოჰყურებდნენ მტკვარზე მოცურავე ტივებს.
დღესაც, თბილისობის დადგომასთან ერთად ქუჩებში კვლავ ჩნდებიან ფაეტონები, შორიდან ნიავს მოაქვს არღნის სევდიანი ჰანგები და აშუღთა სიმღერები-ქალაქი დროში მოგზაურობას იწყებს, შუა საუკუნეების მკვიდრნი ბრუნდებიან თითქოს.
თუმცა თბილისობის აღნიშვნაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ, ალბათ, ამიტომაც თბილისობას მეორენაირად ,,შემოდგომის დღესასწაულსაც” უწოდებენ. მრავალსაუკუნოვანი ქალაქის დღეობის აღნიშვნა თავისთავად გულისხმობს უძველეს ტრადიციებთან თანაზიარობას. პირველივე თბილისობისას ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას ყეენობის გამოძახილი – აღორძინებული ხალხური თამაშობანი-კოჭაობა, ჯირითი, რიქთაფელა წარმოადგენდა. ძველ თბილისში ჭიდაობის საასპარეზო ალაგად დიდუბე ითვლებოდა და დღესაც აკაკის ბაღი ფალავანთა შეხვედრის ადგილია.
უკვე მერამდენე წელია თბილისობის დადგომასთან ერთად იგეგმება უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება, რომლებიც სცდებიან საგამოფენო დარბაზებს, სცენებსა თუ სპორტულ მოედნებს და ქუჩებში გადმოინაცვლებენ.
დღესასწაული ყოველთვის სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანია.
სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება, რაც არანაკლებ საზეიმო ვითარებაში ხორციელდება. დედაქალაქის მკვიდრთათვის და მისი სტუმრებისთვის თბილისი ორიოდე დღით გარდაიქმნება: კალაში თუ ისანში, მეტეხის ძირში თუ დარეჯნისეული სასახლის აივნების ქვეშ აზია და ევროპა ერთმანეთს კვლავ ხვდება, როგორც ოდესღაც გვიან შუა საუკუნეებში და თბილისსაც მხოლოდ მისთვის ჩვეული კოლორიტი და ხიბლი უბრუნდება.

1 2 3 4 5 6

12092562_425047977690593_353121483_n12165874_425047067690684_562657753_n 12166034_425047057690685_953306770_n 12166257_425047064357351_369551777_n 12167233_425047241024000_825882559_n 12170477_425047054357352_794206562_n 12170501_425047254357332_1680801798_n

12165787_425047724357285_1212589934_n 12167567_425047731023951_978024382_n (1) 12170477_425047727690618_520633869_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები