თეა წულუკიანი: აგვისტოს ომი არის ქართული საქმე და ჩვენ, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე, ამ სამართლებრივ გზაზე ერთად უნდა ვიაროთ
ჩვენ განვიცადეთ ეთნიკური წმენდა, დიახ, დღესაც ოკუპაცია მიმდინარეობს და სამხედრო დანაშაული რუსეთის მხრიდან არის სახეზე – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თეა წულუკიანმა ქართულ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი არის ქართული საქმე და ჩვენ ერთად, ერთიანი პოზიციით, კინკლაობის და ერთმანეთის შეურაცხყოფის, ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების გარეშე ამ სამართლებრივ გზაზე ერთად უნდა ვიაროთ.
“მივმართავ ყველა მოქალაქეს, იქნება ეს მმართველ კოალიციაში, თუ ოპოზიციაში, იქნება ეს მედიაში, თუ საჯარო სამსახურში, აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე მინისტრის საქმე, აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე ერთი გამომძიებლის, ან ერთი ჟურნალისტის საქმე, აგვისტოს ომი არის ქართული საქმე და ჩვენ ერთად, ერთიანი პოზიციით, კინკლაობის, ერთმანეთის შეურაცხყოფის, ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების გარეშე ამ სამართლებრივ გზაზე უნდა ვიაროთ ერთად, რათა მთელმა ქვეყანამ დავამტკიცოთ, რომ რუსეთი თავს დაგვესხა. დიახ, ჩვენ განვიცადეთ ეთნიკური წმენდა, დიახ, დღესაც ოკუპაცია მიმდინარეობს და სამხედრო დანაშაული რუსეთის მხრიდან არის სახეზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.