თეა წულუკიანი: გამოძიება სრულფასოვანი ვერ იქნება, თუ არ გამოიძიეს ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტები

იუსტიციის სამინისტრომ და იმ გუნდმა, რომელმაც პროკურორთან ვიმუშავეთ, დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ არ გამოიძიეს ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი, რომ გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა. ასევე დანარჩენი 23 სამხედრო ქართველი ტყვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
“ჰააგის პროკურორმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, დღემდე მათთან თანამშრომლობისთვის ბოლო წლებში და ასევე 2008 წლიდან. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტისას თანამშრომლობის ეს ხარისხი არის სამაგალითო, ხოლო ჩვენგან მიიღო დაპირება, რომ 2003 წლიდან აღებული საერთაშორისო ვალდებულებით, ვითანამშრომლოთ და გამოვაძიებინოთ ომის საქმე და ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ. გამოსაძიებელია, პირველ რიგში, ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა.
როგორც ჰააგის პროკურორი აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის შედეგად 35%-ით ნაკლები ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და სწორედ ეს იქნება გამოძიების ძირითადი მიმართულება. მანვე აღნიშნა, რომ გამომდინარე ამ დანაშაულის სერიოზულობიდან, ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა. იუსტიციის სამინისტრომ და იმ გუნდმა, რომელმაც პროკურორთან ვიმუშავეთ, დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ არ გამოიძიეს ჩვენი – ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის ფაქტები. დავაყენეთ საკითხი, რომ ამ გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა. ასევე დანარჩენი 23 სამხედრო ქართველი ტყვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას შეეხო.
ფატუ ბენსუდა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით ის დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები