პაატა დავითაია პროკურატურას მოუწოდებს, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ბრალი წაუყენონ
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე და აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა დავითაია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებს და ეთნიკურ წმენდაში მონაწილე მხარეებს ბრალი წაუყენოს. როგორც დავითაიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ამ დრომდე ომის გამო ქართულ მხარეს ბრალი არავისთვის წაუყენებია.
მისი განმარტებით, დღეს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საქმე შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ გამოიძიოს, გამოძიების დაწყებამდე კი აუცილებლად გაჩნდება სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან კითხვა, თუ ამ დრომდე რატომ არავისზეა წაყენებული ბრალი და რატომ არ არსებობს არცერთი ადამიანის სახელზე გაცემული სანქცია.
„ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, ამ 30 დღის განმავლობაში, სანამ დასკვნები იქნება გამოტანილი, გაიხსნება თუ არა საქმე, აუცილებლად წაუყენონ ბრალი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს, წაუყენონ ბრალი იმ ადამიანებს, ვინც ეჭვმიტანილია ეთნიკურ წმენდაში. საქართველოს პროკურატურას ეს მტკიცებულებები გააჩნია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომ არ დაებადოს გამოძიებას კითხვა, თუ რატომ არ წაუყენეს მათ ბრალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას აპირებს, მაგრამ წინასწარი განაცხადი, რაც პროკურორმა გააკეთა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. პროკურორი ღიად იძახის, რომ საქართველომ ეს საქმე არ გამოიძია. აბსურდულია იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი, თითქოსდა, მან შეაჩერა გამოძიება იმის გამო, რომ ამით შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნას. ჰააგამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ იკვეთება დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. ჩვენ კომისიის დასკვნაში მივუთითეთ, რომ თუ იკვეთება საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი ორგანოების სამხედრო დანაშაული, ეს საქართველოს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
პაატა დავითაიმ იმ კონკრეტულ დანაშაულებსა და მუხლებზეც ისაუბრა, რომელი მუხლებითაც შესაძლებელია, რომ კოკოითის და სხვა ბრალდებულ პირებს ბრალი წარედგინოთ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიება წარმოებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ მოხდა ეთნიკური წმენდა, სამხედრო დანაშაულები… რატომ ერთ ადამიანზე არ არის გაცემული დაპატიმრების სანქცია. რატომ არ არის ბრალი წაყენებული კოკოითზე? როგორ ხდება, რომ ამხელა დანაშაულებზე ერთი ბრალდებულიც კი არ ჰყავს ქვეყანას. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ვახორციელებთ ოპერატიულ ღონისძიებას, მაგრამ ბრალის წაყენებას ოპერატიული ღონისძიებები არ სჭირდება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის რღვევასთან გვაქვს საქმე. იგივე კოკითის, თავის დროზე ბაღაფშის, არძიმბას, ხაჯიმბას ქმედებები და იმ დანაშაულებით, რაც არის. კოკოითმა ქართული კონსტიტუციური წყობილების რღვევას შეუწყო ხელი, შექმნა უკანონო საჯარისო ფორმირებები, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში სეპარატისტებმა ხელისუფლება მიითვისეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. უამრავი მუხლია, რითაც ბრალის წაყენება შეიძლება. ჰააგის მხრიდან აუცილებლად დაისმება კითხვა, რატომ არავის ბრალი არ წაუყენეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.