რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ჰააგის სასამართლო სააკაშვილს ხელს აფარებს
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი ამბების ხელახალი გამოძიების შესახებ ფაქტობრივად სააკაშვილზე ხელის დაფარებას ნიშნავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ამ ხნის განმავლობაში ჰააგაში შესულია სამხრეთ ოსეთის დაზარალებულთა და დაღუპულთა ნათესავების ასობით განცხადება. ეს ადამიანები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების უშუალო მოწმეები არიან. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რომელიც რუსეთშია აღძრული. ამ საქმის 30-ზე მეტი ტომი ჰააგის სასამართლოს გადაეცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ფაქტი, რა დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას ათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსი დიპლომატები ეჭვობენ, რომ ოსების მიზანმიმართული მკვლელობა საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება.
“ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ეჭვი აქვს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის საკითხთან დაკავშირებითაც. სამაგიეროდ, სასამართლოს გამომძიებლები სამხრეთ ოსეთის მოხალისეების მხრიდან ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ქმედებების გამოძიების მზადყოფნას გამოთქვამენ და ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მოქმედების შესწავლას აპირებენ, რომლებიც, პროკურატურის აზრით, შესაძლოა, ამ ქმედებების თანამონაწილეები იყვნენ” – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ასეთი ინტერპრეტირება, რომელიც რეალობისგან ძალზე შორს არის, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას არ აამაღლებს.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა რამდენიმე დღის წინ სასამართლოს სანქცია მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ.