მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა კონფერენციის მოწვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “კვირა” უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 19 ოქტომბერს 10:00 საათზე, ქ.თბილისში, ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის – მთავარი პროკურორის მიერ მოწვეული იქნა საქართველოს პროკურატურის კონფერენცია – პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლობების მხარდაჭერით ტარდება. როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 28 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი. პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო. ამავე კანონის მე-81 მუხლის თანახმად საპროკურორო საბჭოს 8 წევრს, რომელთა ¼ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;
3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან; 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან. საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით; საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.
აქვე გაცნობებთ, რომ კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრების უფლებით დაიშვებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის ჩატარებამდე, აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს მთავარ პროკურატურას 2015 წლის 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე”, – აცხადებენ პროკურატურაში.