,,ამხილე ფაქტებით“ – „პოზიცია“ ახალ პროექტს იწყებს
„ამხილე ფაქტებით!” – არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია” მის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ Tvfree-ზე ახალ რუბრიკას იწყებს. რუბრიკაში თავს მოიყრის ის ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც, ძირითადად, Tvfree-ს მიერ იქნება მოპოვებული, თუმცა აღნიშნულ რუბრიკაში თავად ვებგვერდის მომხმარებლებსაც ექნებათ ჩართვის საშუალება, მათ მიერ გადაღებული ფოტოების თუ ვიდეოების რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით info@tvfree.ge.
“ვიდეო თუ ფოტოფაქტები იმ კანონდარღვევებს ასახავს, რომელსაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ავტოტრანსპორტით მოძრაობის წესების დარღვევაზე, ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან ქუჩის არასწორ გადაკვეთაზე, მოქალაქეთა მხრიდან ნაგვის ქუჩაში დაყრასა თუ ავტომანქანებიდან გადმოყრასა და მსგავს არასასიამოვნო შემთხვევებზე.
რუბრიკის – „ამხილე ფაქტებით!” – მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. “პოზიცია” თვლის, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავსი კანონდარღვევები ყველაზე ცუდ წარმოდგენას უქმნის საქართველოზე ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისს ხშირად სტუმრობენ. ევროპისკენ სვლა იწყება აქ! დაიცავი წესრიგი!“,-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი.