დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა მომავალშიც გაგრძელდება
მოსახლეობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიღწეულია და აღნიშნული ფინანსური სტაბილურობა გაგრძელდება მომავალშიც, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ფინანსური, ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობა და მოქალაქეების კეთილდღეობა არის უმნიშვნელოვანესი.
“ჩემი პოზიცია არის შემდეგი – ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ლარის კურსის სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი. ყველაფერი დანარჩენი, სტრუქტურული რეფორმები ეს არის მეორეხარისხოვანი და მე ვთვლი, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიტანოთ პირველი მიმართულებით და არა მეორე მიმართულებით. თუ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომელიც იყო წამოწყებული, ამ წუთში შეჩერებულია იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სჭირდება დამატებითი განხილვები, ჩვენ ვართ კანონმორჩილი ქვეყანა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობდა ძალიან აქტიური მოლაპარაკებები და იქ დაბრკოლებებს ვერ ვხედავ… სტრუქტურულად ასეთი მიმართულებით იქნებოდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო თუ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ამ წუთში მე ვერ ვხედავ, ბოლო მოლაპარაკებების მიხედვითაც ეს უკვე აღარ ჩანდა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.