“საპარტნიორო ფონდმა” ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა “აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკის და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ეს უკანასკნელი სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.
ფონდის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის შანსის პროვინციის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობებითაა დაინტერესებული.
შანსის პროვინციის დელეგაცია მოწვეულ იქნა დავით საგანელიძის მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, შანსის პროვინციაში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ ისაუბრა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიეთობების პოტენციალზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შანსის პროვინციასა და საქართველოს შორის კულტურული და ტურისტული ურთიერთობებისა გაღრმავებისთვის, ასევე ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ჩინური გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის და სხვა დარგებში.
“ორი კვირაა, რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავინიშნე, რომელიც სახელმწიფოს უმსხვილეს აქტივებს ფლობს და რომლის დანიშნულებაც ბიზნესის ხელშეწყობა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ახალ გამოწვევებს თქვენთან ერთად წარმატებით გავართმევ თავს”, – აღნიშნა საგანელიძემ.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელი იქნებოდა საქართველოსა და შანსის პროვინციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.
საგანელიძემ “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს გამართული კონფერენცია არის სწორედ წინაპირობა იმისა, რომ საქართველო იქნება „ახალი აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები