„საკონსტიტუციო სასამართლო “გვეღადავება”, არ მეგონა, ის ასე ბოლომდე გაშიფრავდა თავს“

ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, საკუთარი თავი გაშიფრა და დაადასტურა, რომ ის დღემდე „ნაციონალების“ მიერ კონტროლდება.
„მე არ მეგონა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბოლომდე გაშიფრავდა თავს და დაგვანახვებდა, თუ რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებს აკონტროლებენ დღემდე „ნაციონალები“. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა „ნაციონალებისგან“ რამდენიმე თვის წინ გაჟღერებულ სცენარს დღევანდელი სცენარი. მე მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გვეღადავება. ჩვენ შეგვეძლო მსჯელობა მანამ, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, სანამ იხილებოდა ექსპერტულ წრეებთან, საჯარო ინსტიტუტებთან და ასე შემდეგ, მაგრამ მიღებულ კანონს და რეფორმას ხელი არ უნდა შეშლოდა.
დღეს საკმაოდ კომიკური სიტუაცია გვაქვს – კანონი მიღებულია, ყველა განწყობილია რეფორმირებისკენ, ეს რეფორმა მიზნად ისახავს კარგი ფინანსური ინსტიტუტების არსებობას და გამჭვირვალე საბანკო სისტემას. მაგრამ ეს შეჩერება დროებითია, გადავადებას აზრი არ აქვს, ამას რამდენიმე თვის შემდგომ წინ ვერავინ აღუდგება“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების განმარტებისთვის არცერთი რეალური არგუმენტი არ წამოუყენებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფინანსო ზედამხედველობის მუშაობა შეჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მანამდე კი საზედამხედველო ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები