დავით ზალკალიანმა „თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზალკალიანმა პარტია დატოვა. ზალკალიანი პარტიის დატოვების მიზეზად არასამთავრობო სექტორში გადასვლას ასახელებს. „კვირასთან“ საუბრისას ზალკალიანი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის შიგნით რაიმე სახის პოლიტიკური განხეთქილებაა.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორია, სრულიად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკურად.
„დიახ, მე დავტოვე „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები. მე ვარ ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი და სწორედ ამის გამო, მივიღე პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.
მე არ ვაპირებ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას. მსურს, არასამთავრობო სექტორში გავაგრძელო საქმიანობა. მე გახლავართ კარიერული დიპლომატი, მთელი ჩემი ცხოვრება დიპლომატიაში გავატარე. მხოლოდ მოკლე პერიოდი იყო, როდესაც პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ჩავერთე და, ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა სწორედ ეხმიანება ჩემს ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან“, – განუცხადა „კვირას“ ზალკალიანმა.
ზალკალიანმა პარტიიდან სხვა წევრების დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
„ჩემთვის მსგავსი რამ ცნობილი არ არის. ისინი პარტიის დატოვებას არ აპირებენ. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მე მივიღე ობიექტური მიზეზის გამო. ჩემს გადაწყვეტილებას არანაირი დაპირისპირება არ უდევს საფუძვლად“, – დასძინა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები