დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.
როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა, თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ სვეტები – ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოვლში საღვთო ლიტურგიას აღავლენს. სადღესასწაულო წირვაზე დასწრების მსურველთათვის საპატრიარქოდან ავტობუსები მცხეთის მიმართულებით 08:00 საათზე გავიდნენ. მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები