სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ კონფერენცია გაიმართა

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტში ცვლილებების განხილვა იყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა და სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
„იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის უწყებათშორისი საბჭოს ფორმატში უკვე 2 წელზე მეტია, მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაზე − სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილების გადასინჯვაზე. მთლიანობაში 200-ზე მეტი მუხლი გადაისინჯება“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა ევროპის საბჭოში. ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, კოდექსის პროექტში ცვლილებები შევიდა; დღევანდელი კონფერენცია კი ამ ცვლილებების განხილვას ისახავდა მიზნად.
ღონისძიებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სისხლის სამართლის ექსპერტები; არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ადვოკატთა კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები