კახა კალაძე: ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია
ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ. ენერგეტიკის მინისტრი მზად არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს.
“რატომ დგას დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არ მესმის. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტულ პიროვნებებს, გარკვეულ დაჯგუფებებს უნდათ რაღაც პოპულისტური განცხადებების კეთება, ეს მათი ნება და საქმეა. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, დღეს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, თუ პრეზიდენტს აქვს ინტერესი, მე მზად ვარ, გამოვყო ჩემი მოადგილე, ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციას მივაწოდო დეტალური ინფორმაცია დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარებასთან დაკავშირებით, ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ამ თემაზე უადგილო განცხადებებისგან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარიას მიერ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისადმი, მაია ცქიტიშვილისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან.