ქეთევან ციხელაშვილი: მარიონეტული რეჟიმის ნებისმიერი ქმედება აზიანებს არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის მთელ რეგიონს
მარიონეტული რეჟიმის ნებისმიერი ქმედება აზიანებს არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის მთელ რეგიონს, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესაძლო გახსნას. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე ვითარებაში კარგად უნდა გაერკვეს, რადგან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ყველაფერს საზღვარს უწოდებენ.
,,ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა სახის პუნქტზე არის საუბარი. საკონტროლო პუნქტი სულ სხვა რაღაცაა, ხოლო ისინი ყველაფერს საზღვრებს უწოდებენ და რეალურად ეს საზღვრები არ არსებობს. ასე, რომ ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ ვითარებაში“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ,,სპუტნიკ ოსეტიამ“ გაავრცელა. მედიასაშუალების ცნობით, ცხინვალის მხარემ ამ თხოვნით რუსულ მხარეს უკვე მიმართა.