გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი დატოვა.
სახელმწიფოს მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს პირადად მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა თურქეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ თურქ ხალხს. ქვეყნის პირველმა პირმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი 10 ოქტომბერს გაუგზავნა. 10 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანკარაში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე, განხორციელებული ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 97 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.