უზბეკეთში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

ტაშკენტში (უზბეკეთის რესპუბლიკა) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის მიზნობრივი ჯგუფის (EAP Task Force) ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომლის თანათავმჯდომარეც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნების სახელით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია იყო.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო OECD-ის გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების განხორციელების განხილვა და მომავალი წლის გეგმების დასახვა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო EAP Task Force-ის წვლილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ დაგეგმილ გარემოს დაცვის მინისტრთა კონფერენციაში “გარემო ევროპისათვის”, რომელიც 2016 წლის 8-10 ივნისს საქართველოში, ბათუმში გაიმართება.
ასევე, შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, მწვანე პროდუქციის წარმოებისათვის საბაზრო წამახალისებელი მექანიზმების შექმნა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა წყლის რესურსების მართვის ხელშეწყობისთვის.
შეხვედრა OECD-ის ორგანმიზებით გაიმართა, რომელსაც, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობების და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1990 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მხარს უჭრს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებს თავიანთი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზნების დაბალანსებასა და თანხვედრაში. ამგვარი მხარდაჭერა სწორედ გარემოს სამოქმედო პროგრამის სამუშაო ჯგუფის (EAP Task Force) მიერ მიმდინარეობს, რომელიც 1993 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები