„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად იქცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პირობების შექმნა“

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ნორმალური პირობები შეექმნას, მათ შორის არიან დევნილები.
“ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად იქცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ნორმალური პირობების შექმნა და მათ შორის არიან დევნილები. ციფრებზე ვილაპარაკებ, რომლებიც თავად მეტყველებს ყველაფერს: 10 100 დევნილს უკვე დაუკანონდა ბინები. ამაში შედის როგორც ახლად გადაცემული, ისე კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული და ის ძველი ბინებიც, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ და თანახმანი იყვნენ, რომ დაესაკუთრებინათ. ანუ არსად არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამით გამოირჩევა ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან.
მეორე პრიორიტეტი – უკვე თითქმის 4 000-მდე ადამიანს გადაეცა ახლად აშენებული ან რეაბილიტირებული ბინები; ხოლო რაც შეეხება მესამე და ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, ის გულისხმობს დევნილებისთვის ბინების გადაცემას დედაქალაქში. თქვენ იცით, რომ 2009 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” აკრძალა დედაქალაქში ბინების გადაცემა, ჩვენ შევცვალეთ მის მიერ შემოღებული წესი და თბილისში წელს ბინებს მიიღებს 600 ოჯახი. ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასე, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები გვაქვს ამ მხრივ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასევე დაწყებულია “გრანდიოზული მშენებლობები” ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში.
“თუკი სამი წლის წინ, 2012 წელს ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი იყო 25 მილიონი ლარი, წელს გვაქვს 70 მილიონი ლარი, მომავალი წლის საბოლოო ციფრზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ. სამუშაო ციფრად ისევ რჩება 70 მილიონი, თუმცა, სავარაუდოდ, მოვახერხებთ, რომ ის კიდევ უფრო გაიზარდოს”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს უწყების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები