“პოზიცია” 2012 წელს დევნილთა სამინისტროში პრემიის სახით გაცემული 549 919 ლარის კანონიერების საკითხის შესწავლას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ დევნილთა სამინისტროში 2012 წელს გაცემული პრემიები შეისწავლა. „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი კონკრეტული სამინისტრო, რომელიც ყველაზე რთულ და დაჩაგრულ მოსახლეობაზე, დევნილებზე  უნდა ყოფილიყო ორიენტირებული და მათ პრობლემებზე ეზრუნა, საკუთარ ჯიბეზე უფრო ფიქრობდა,  ვიდრე დევნილ მოსახლეობაზე.

გურამ ადამაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, 2012 წელს დევნილთა სამინისტროში პრემიის სახით გაცემული 549 919 ლარის კანონიერების საკითხი შეისწავლოს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოზიციის“ კვლევით აღმოჩნდა, რომ დევნილთა სამინისტროში მაღალ პრემიებს ყოველთვიურად ერთი და იგივე ხალხი, მინისტრის გარემოცვა და საახლობლო იღებდა. საუბარია თვეში 7 000-ლარიან პრემიებზე.

მაგალითად,

2012 წლის იანვრის თვეში კობა სუბელიანის პრემიამ 5665 ლარი შეადგინა, დანარჩენ თვეებში კი ის სტაბილურად 4 000-მდე ლარს იღებდა მხოლოდ პრემიის სახით. 6 თვის პერიოდში მას პრემიის სახით მიღებული აქვს 25 000-მდე ლარი;

მინისტრის მოადგილე ანდრია ჭულუხაძეს 6 თვეში – 15 000-მდე ლარი;

მინისტრის მრჩეველი მარიამ სვანიძე –  11 000 ლარი;

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ესაიაშვილი – 15 000 ლარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალბატონი ესაიაშვილისთვის კობა სუბელიანს ერთ თვეში პრემიის სახით გაცემული აქვს 7 200 ლარი. საუბარია ერთ თვეზე. ეს არის ივნისის თვე, როცა სუბელიანი თანამდებობას ტოვებდა და როგორც ჩანს, ერთგულებისთვის ქალბატონი მარიამი უხვად დააჯილდოვა ბიუჯეტის ხარჯზე.

ასევე, ერთ თვეში პრემიის სახით 8000 ლარამდე აქვს მიღებული დევნილთა დეპარტამენტის უფროსს კობა ხუბუნაიას.

სამმართველოს უფროსს ლევან კოკაიას ერთ თვეში ასევე მიღებული აქვს 6950 ლარი;

მთავარ სპეციალისტ ნათია ლანჩავას ერთ თვეში – 6175 ლარი;

შიდა აუდიტ ალექსანდრე გახარიას ასევე ერთ თვეში  – 6380 ლარი.

7 000-ლარიანი პრემიები ერთ თვეში მიღებული აქვს სწორედ იმ ადამიანებს, მის გარემოცვასა და საახლობლოს  ვინც მინისტრის დავალებებს ერთგულად ასრულებდა. ვიმეორებ, საუბარია დევნილთა სამინისტროზე და დევნილებზე, რომელთა სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა იმ პერიოდში კატასტროფული იყო.

2012 წელს დევნილთა სამინისტროში პრემიის სახით გაცემულია ნახევარ მილიონამდე ლარი – 549 919 ლარი;

კარგად გახსოვთ პერიოდი, როცა მინისტრი კობა სუბელიანი დალი ხომერიკმა ჩაანაცვლა. დალი ხომერიკი მინისტრად დაინიშნა ივლისის თვეში. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მან საკუთარ თავს პრემია დანიშვნის დღესვე გამოუწერა. მინისტრობა ჩაიბარა ივლისის თვეში და პირველი პრემიაც მიიღო 4000-მდე ლარი. არადა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად გაიძახიან, რომ პრემიები შრომისა და დამსახურების მიხედვით უნდა გაიცემოდეს. საინტერესოა რა გააკეთა ქალბატონმა ხომერიკმა მისვლიდან ერთ თვეში პრემიის საფასურად. მისი მინისტრობა სულ 4 თვე გაგრძელდა და პრემია ოთხივე თვეს წარმატებით აქვს აღებული – 13 000-მდე ლარი.

მინისტრმა მის მიერ მიყვანილ ახალ კადრებზეც, საკუთარ გარემოცვაზეც იფიქრა და პრემიები დანიშვის დღიდანვე უწყვეტად გამოუწერა – 50 000 ლარის ოდენობით. პრემიების გაცემის მოტივად კი კეთილსინდისიერი სამსახური სახელდება. საინტერესოა, მისმა მიყვანილმა ახალმა კადრებმა რა გააკეთეს დევნილებისთვის ისეთი, რომ 50 000-იანი პრემია დაიმსახურეს?

„პოზიციის“ ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროში ერთ თვეში მაღალი და საეჭვო პრემიების გაცემით პროკურატურაც დაინტერესდა. არსებობს ეჭვები, რომ  გაცემული მაღალი პრემიების ნაწილი მინისტრს „ატკატის“ სახით უბრუნდებოდა. ამ თემაზე „პოზიციის“ ინფორმაციით დევნილთა სამინისტროს ყველა პირი დაიკითხა, ვინც მაღალი პრემიები მიიღო.

„იმდეს ვიტოვებ, პროკურატურა ამ საქმეს თაროზე არ შემოდებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა  და თუ დანაშაული დადასტურდება, დამნაშავეებს პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.

kvleva-poziciis

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები