ეკა ბესელიას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ ტოვებდეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის მიუკერძოებელი და არაობიექტური -ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
“უპრეცედენტოდ გააქტიურებულია საკონსტიტუციო სასამართლო, კარგია, რომ ის ასეთი ტემპით ამოქმედდა და ამუშავდა, რადგან საკმაოდ დიდი ხანი დუნე და ნელი იყო – პრაქტიკულად ვერ ვხედავდით ამ სასამართლოს მუშაობის დინამიკას.
ახლა კი არის შთამბეჭდავად სწრაფი, თუმცა, ეს არის ძალიან ბევრი კითხვის მატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ ტოვებდეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის მიუკერძოებელი და არაობიექტური. სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დარჩეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება ძალიან მაღალი სტანდარტი, რადგან ის ამოწმებს კანონის კონსტიტუციურობას. სწორედ ამიტომ მან თავად უნდა აჩვენოს უზადოდ, უშეცდომოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტანდარტი. კითხვები ჩნდება და ეს კითხვები ლოგიკურად ისმის, ამიტომ სასამართლოს პასუხისმგებლობის ტვირთი, მისი უშუალო როლი და ფუნქციაა, რომ საზოგადოებაში არ დატოვოს კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები