„რუსეთი ჩაება ისეთ ომში, რის გამოც მას დიდი დანაკარგები ექნება, არ არის გამორიცხული, რუსეთში ტერორისტული აქტების სერია მოეწყოს“

„რუსეთი ჩაება ისეთ ომში, რომელსაც მომავალში სერიოზული უკუეფექტები შეიძლება ჰქონდეს“, – განცხადება ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ბათიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ქმედებებს შესაძლოა, ჩრდილო მეზობლის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების სერიები მოჰყვეს.
ბათიაშვილის თქმით, რუსეთის ოპერაციებით სირიაში სიტუაცია არათუ განიმუხტება, არამედ კიდევ უფრო დაიძაბება და სიტუაციის ესკალაციის მიზეზი გახდება.
„რუსეთის საჰაერო ძალების მხრიდან დაბომბვები ძლიერდება. დაძაბულობა გამოიწვია იმანაც, რომ რუსეთმა ფაქტობრივად პარალელური კოალიცია შეკრა, ეს არის: სირია, ირანი, ერაყი და რუსეთი. ერაყის მომენტმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, ერაყისთვის აშშ-მ დიდი ომი აწარმოა, მასზე კონტროლი დაამყარა და უცებ ის რუსეთის კოალიციის წევრი გახდა.ეს გამწვავება კიდევ უფრო შორს წავა. ნატოს ინფორმაციით, მათ მისცეს უფლება ბრიტანელ პილოტებს ერაყში, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ცეცხლი გაუხსნან რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ განცხადება გააკეთა საუდის არაბეთმა, რომ რუსეთის იერიშების საპასუხოდ ის კიდევ უფრო მძლავრად შეაიარაღებს სირიის ოპოზიციას. ყურადსაღებია პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებაც, რომ რუსეთი ჩაება რა ამ ომში, მას დიდი დანაკარგები ექნება. არ არის გამორიცხული, ტერორისტული აქტების სერია რუსეთის ტერიტორიაზე მოეწყოს. მსოფლიო დაძაბულობისკენ მიდის. ბევრი ფაქტორია, რის გამოც რუსეთი ჩაება ამ ოპერაციებში. ეს იყო ასადის ხელისუფლების განმტკიცებაც და ისლამური სახელმწიფოს წიააღმდეგ ბრძოლაც. რუსეთს აქვს შიში, რომ ისლამური სახელმწიფო ადრე თუ გვიან რუსეთშიც დაიწყებს მოქმედებებს. ჩრდილოეთ კავკასიაში უახლოეს მომავალში სიტუაციის სერიოზული გამწვავებაა მოსალოდნელი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები