ნოდარ ჯავახიშვილი NDI-ის კვლევებს არ ენდობა
ვფიქრობ, ეს არ არის ისეთი კვლევა, რომლის მიხედვით რაღაცის შეფასება ან გადაფასება შეიძლება, – ასე აფასებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის შედეგებს.
მინისტრს მიაჩნია, რომ ამ შედეგების გამო აჟიტირება არ ღირს, რადგან ეს კვლევა არც მედიისა და არც საზოგადოების ყურადღებას არ იმსახურებს.
“მე NDI-ის კვლევებს ძალიან დიდი ხანია ვუსმენ. უბრალოდ, ვიღაცას ძალიან უნდა უნდოდეს, რომ დასკვნები გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი კვლევა, რომლის მიხედვით, შეიძლება, რაღაც შევაფასოთ, ან გადავაფასოთ, რადგან ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნო კვლევები, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” 100%-მდე მხარდაჭერა ჰქონდა. ამიტომ, როცა არსებობს ასეთი პრეცედენტები, ძალიან გთხოვთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და, მით უმეტეს, აჟიტირებისთვის ეგ არ არის”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ და და CRRC-საქართველომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინეს. გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.