„შესაძლოა, პენსიონერებს გარკვეული საშეღავათო პირობები დაუწესდეთ“
პარლამენტში ბიუჯეტის პირველადი განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ის, შენიშვნებთან ერთად, პარლამენტში დაბრუნდება და მთავრობა უკვე შესწორებულ ვარიანტს ისევ პარლამენტში წარადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„ჩვენი კომიტეტი არა მარტო ფინანსთა სამინისტროს უსმენს, ჩვენ მოწვეული გვყავს მხარჯავი ორგანიზაციები, რომ მათგან მოვისმინოთ, რა ნაკლოვანებებს ხედავენ ბიუჯეტში და რა მიმართულებით უნდათ, რომ გაზარდონ. რაც შეეხება პენსიების ზრდას, 2016 წლის ბიუჯეტში ის გათვალისწინებული არ არის, რის შესახებაც შენიშვნის სახით დაფიქსირდება, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეცადოს, პენსიები გაზრდილი იყოს“,- აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
ტყემალაძის განცხადებით, თუ პენსიების ზრდა ვერ მოხერხდა, შესაძლოა, პენსიონერებს გარკვეული საშეღავათო პირობები დაუწესდეთ და ამით მათთვის დანახარჯები შემცირდეს.
„შეიძლება ადამიანმა შემოსავალი ნაკლები მიიღოს, მაგრამ მას რაზეც ხარჯის გაწევა უხდებოდა, აღარ მოუწიოს ამ ხარჯის გაწევა. თუმცა ჯერ კონკრეტულად რა ტიპის შეღავათები იქნება, ამის შესახებ ჩამოყალიბებულნი არ ვართ“,- განცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
დეპუტატი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის საკითხსაც შეეხო, მისი თქმთ, ადმინისტრაციული თანხების მატება ხელფასების ზრდით არ არის განპირობებული, არამედ შტატები და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება.