დავით ნარმანია: რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გიორგი არეშიძე, მე დავეთანხმები
თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, კახა კალაძის ცოლისძმის გიორგი არეშიძისა და მისი მოადგილის გიორგი სოლომონის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მომავალში რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მე არ შემიძლია, რამე დაგიდასტუროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, ანუ კადრების წასვლის და ახალი კადრების მოძიების პროცესი დასრულებულია, მიმდინარეობს კონსულტაციები საკრებულოსთან. თუ ვინმე მომავალში რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი გადასაწყვეტია.
სოლომონიასთან დაკავშირებით შეკითხვები არა მაქვს. არც არეშიძესთან მაქვს შეკითხვები, ისიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. უბრალოდ, მას კახა კალაძემ მოუწოდა, დაეტოვებინა ეს პოსტი, თუმცა თავად გიორგი ამას არ დაეთანხმა.
ის მე მოვიყვანე მერიაში, რადგან დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი მისი გამოცდილება ახალგაზრდულ და სპორტის საკითხებში. გაამართლა კიდეც. გარდა ამისა, ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა“, – აცხადებს ნარმანია.
რაც შეეხება იმას, თუ ვის პოზიციას იზიარებს დავით ნარმანია – არეშიძისას თუ კალაძისას, თბილისის მერი აცხადებს, რომ იგი ორივეს მოსაზრებას პატივს სცემს.
„მე ორივეს მოსაზრებას პატივს ვცემ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გიორგი, მე ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმები. ჯერჯერობით რამდენიმე დღე შვებულებაშია“,- დასძინა ნარმანიამ.