კახა კალაძე: აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ კომერციულ კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკურენციაზე საუბარი უხერხულია, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„ვფიქრობ, კონკურენციაზე ცოტა უხერხული იქნება საუბარი, რადგან, თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ გაზზე. თქვენ იცით, რომ კომერციული ბაზარი დერეგულირებულია და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, წავიდეს აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, სომხეთში და მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი. ამაზე შეზღუდვა არ არის, არ ყოფილა და არც იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
ასევე, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა იქნება „გაზპრომის“ ფასი ბუნებრივ აირზე.
„ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარით. 315 დოლარი, რომელიც დღეს ევროპაშიც არ არის, არის ძალიან ძვირი. თუ „გაზპრომს“ მისაღები ფასი ექნება, ვფიქრობ, კომერციული ობიექტები დაინტერესდებიან“, – აღნიშნა კალაძემ.