„ჩინელებმა სოფელ ზვარეში ძაღლი შეჭამეს“ – ადგილობრივები პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ

მოვითხოვთ ჩინელების მიერ ძაღლის შეჭმის ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა მკაცრად დასჯას – ამ სათაურით ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა.
პეტიციით მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მომხდარი ფაქტის შესახებ წერენ.
როგორც პეტიციაშია ნათქვამი, სოფელ ზვარეში ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მუშებმა ადგილობრივი მაცხოვრებლის ძაღლი შეჭამეს.
“მოვითხოვთ, ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში ჩინელების მიერ ჩადენილი ამაზრზენი ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას, რაც უკავშირდება მათ მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის ძაღლის შეჭმას და დამანაშავეების უმკაცრესი ფორმით დასჯას, ხოლო შემდგომ ჩინელების დაუყოვნებლივ გასახლებას საქართველოდან, ასევე ყოველ გვარი პრივილეგიების შეწყვეტას მათ მიმართ! ამ ერის ხელშეუხებლობა ხელს უწყობს საშინელ სისასტიკეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, კერძოდ, ძაღლებისა და კატების გამოყენებას საკვებად. უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც ჩინელებმა შეჭამეს ჩვენი კომპანიონი ცხოველები, ხოლო მათ ეს ყოველთვის ეპატიათ… დაუსჯელობის სინდრომი კი მხოლოდ წაახალისებს დამნაშავებს. ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს უკანონობა და ძაღლის მჭამელი პირები ან პირთა ჯგუფები გასახლდნენ ჩვენი ქვეყნიდან, ვინაიდან არ სცემენ პატივს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და დამოკიდებულებებს კომპანიონი ცხოველების მიმართ!“, – აღნიშნულია პეტიციაში.
“კვირა“ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. “კვირასთან“ საუბრისას ზვარეში ხარაგაულის გამგებლის წარმომადგენელი ერიკ ტალახაძე თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფაქტი, მართლაც, მოხდა.
ტალახაძე ამბობს, რომ ძაღლის დაკვლის ფაქტს ჩინელებთან დასაქმებული ეთნიკურად ქართველები შეესწრნენ და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს.
“ჩემი ინფორმაციით, ძაღლის დაკვლის ფაქტს ადგილზე დასაქმებული ქართველები შეესწრნენ, მოხდარმა ისინი აღაშფოთა და პოლიციას მიმართეს. როგორც ვიცი, სამართალდამცველები იყვნენ ამოსულები და დასაკითხად წაიყვანეს ჩინელი, რომელზეც ქართველი მუშაც ამბობდა, რომ ძაღლი დაკლა და ასევე თავად ქართველი მუშაც, რომელმაც ფაქტის შესახებ საჯაროდ განაცხადა. ის აცხადებს, რომ ზვარეში დასაქმებულმა ჩინელმა ძაღლი დანით დაკლა. ჩემი ინფორმაციით, ძაღლი უპატრონო იყო“,-განუცხადა “კვირას“ ერიკ ტალახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები