ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ხელისუფლებას ქობულეთში სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით დავალებები მისცა

ქობულეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა. პრემიერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტული დავალებები მისცა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა პრემიერს განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე, ზარალის დათვლის დასრულებისთანავე იმსჯელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს ხშირად სტუმრობს და დეტალურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელთა მოგვარება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ასევე – იცნობს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ავტონომიური რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მოისმინა ანგარიში რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები