თინა ხიდაშელი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მიმართ აბსოლუტური მხარდაჭერა იყო გამოხატული

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მიმართ აბსოლუტური მხარდაჭერა იყო გამოხატული , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე იმ პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ნატოს პაკეტის იმპლემენტაციაში მიაღწია, ასევე, თავდაცვის სფეროში რეფორმებზე.
“საუბარი იყო იმაზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთხმად თანხმდებიან, რომ მზად არიან უფრო მეტი რესურსი გამოყონ როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, რათა ეს პროცესი, იგივე ჯეიტეკის (JTEC) გახსნით დაწყებული პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და წარმატებით წარიმართოს. საუბარი იყო ერთმნიშვნელოვნად იმის შესახებ, რომ ეს პროგრესი, რომელსაც საქართველო აჩვენებს ალიანსს, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოიხატოს ვარშავის გადაწყვეტილებებში. ეს იყო პირველი სხდომა, რომელიც მსჯელობდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვარშავის სამიტამდე. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უალტერნატივო და რაიმე მაგრამისგან თავისუფალი მხარდაჭერა. ამიტომ ახლა ველოდებით ამ პროცესის გაგრძელებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ასევე, ხიდაშელის თქმით, თუ აქამდე პაკეტის თანამონაწილე 15 ქვეყანა იყო, დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ პაკეტის თანამონაწილე უკვე 20 ქვეყანაა.
“დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში იქნება ღია საუბარი ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საბედნიეროდ, როგორც ჩანს, კონსენსუსი მიღწეული იქნება მონტენეგროსთვის მოწვევის გაგზავნაზე. ბუნებრივია, ნატოს მიერ გამოცხადებული ამოცანა, რომ ნატოს კარი ღიაა მისი პარტნიორებისთვის, მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებისა, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა და სინამდვილეში ასე არ ხდება. დეკემბერში ეს მითი გაიფანტება და ნატოს კარში კიდევ ერთი პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა შეაბიჯებს, რაც ბუნებრივია, რომ საქართველოსთვისაც ქმნის შესაძლებლობას, რომელიც რიგში შემდეგია. ჩვენს შორის ამ რიგში აღარვინ არის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები