„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს IGC TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.
მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე IGC TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ციოპრაჰა ეწვევა. მირჩა ციოპრაჰა 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ“ როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.
მირჩა ციოპრაჰა IGC TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივნის პოსტზე, TRACECA-ს პროგრამებს ხელმძღვანელობს.
TRACECA ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მიზანად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და კომუნიკაციების განმტკიცებას. დღეისთვის, TRACECA-ას მარშრუტი მოიცავს „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებისთვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების“ 13 წევრი სახელმწიფოს სატრანსპორტო სისტემას.
TRACECA-ს სამთავრობათშორისო კომისიის მიზანია ევრაზიის სატრანსპორტო ხაზების ეფექტიანობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პრომოუშენი და დაინტერესებულ ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
2012-2014 წლებში მირჩა ციოპრაჰა ბუქარესტში Aero Consult Services S.A.-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი იყო. მუშაობდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში რეგიონალური სასწავლო ცენტრის დაარსების, განვითარებისა და დაფინანსების პროექტსა და სამთავრობო ადმინისტრაციების სატრანსპორტო ქსელის (საგზაო და სარკინიგზო) საჰაერო ფოტომეტრიაზე. მირჩა ციოპრაჰა ასევე იყო S.C. Transelectrica S.A-ისა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მის მოვალეობაში შედიოდა კომპანიის განვითარება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
მირჩა ციოპრაჰა აქტიურად მონაწილეობდა რუმინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2004-2008 წლების განმავლობაში მას შემდეგი პოზიციები ეკავა: რუმინეთის პარლამენტის წევრი, დეპუტატთა პალატა; დეპუტატთა პალატის ტრანსპორტის, მრეწველობისა და მომსახურების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე (PABSEC) რუმინეთის დელეგაციის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები