კახა კალაძე: ტარიფების გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს
ტარიფების კორექტირება გამოიწვია დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში. დღესდღეობით არ არის იმის აუცილებლობა, რომ ტარიფები გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, როდესაც მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, ტარიფების შემცირება იყო. ასევე, მინისტრს მიაჩნია, რომ სემეკმა ტარიფებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პირველი, რაც გავაკეთეთ, ტარიფები შევამცირეთ. იყო ამის რესურსი, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა. ტარიფების კორექტირება გამოიწვია დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში. დღესდღეობით არ არის იმის აუცილებლობა, რომ ტარიფები გადაიხედოს. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული და, ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ ამას. ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ ენერგეტიკაში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ნებისმიერ ქვეყანას გაუჩნდა პრობლემა, ვინც ენერგეტიკაში მოღვაწეობს და სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, სწორი იყო იმისთვის, რომ კომპანებს ჰქონდეთ საშუალება, ელექტროენერგია მოსახლეობას მიაწოდონ უპრობლემოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.