პოლონეთსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ტომაშ სიმონიაკს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა პოლონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა ორმხრივი ურთიერთობები და გაიზრდება შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის ხარისხი.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ საიდუმლოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის უმთავრესი წინაპირობა იმისთვის, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების ფარგლებში, საქართველო და პოლონეთი თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდნენ. ამ ხელმოწერით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, პოლონეთი საქართველოს სრულფასოვანი პარტნიორი გახდა. სპეციალური ოპერაციების ძალებისა თუ სამხედრო პოლიციის სეგმენტში თანამშრომლობა მიიღებს კონკრეტულ ფორმას კონკრეტული ფინანსური პაკეტით, კონკრეტული ტრენინგების და სწავლებების კომპონენტით“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის რესპუბლიკა არსებითი პაკეტის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების მიმართულების ხელმძღვანელ სახელმწიფოს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს პოლონელმა კოლეგამ განაცხადა, რომ პოლონეთი სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებასაც უხელმძღვანელებს.