„ქართული ოცნება“ ახალი წლიდან ცვლილებების აქტიურ ფაზაში გადადის, გუნდში სიახლეებისთვის ემზადებიან
„ქართული ოცნება“ ახალი წლიდან ცვლილებების აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, სახელისუფლებო გუნდი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. გუნდში ახალი სახეებიც იქნებიან, თუმცა, ძველებიც დარჩებიან, რადგან „ვისაც დიდი დამსახურება აქვს, ბურთივით არ უნდა მოისროლო“.
„ აქტიურ ფაზაში ახალი წლიდან გადავალთ, თუმცა, ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა უკვე არის. რამდენი დარჩება ძველი სახე და რამდენი წავა, ამას პროცესი გვაჩვენებს. ზოგი პროფესიული თვალსაზრისით თავის საქმიანობას დაუბრუნდება. ბუნებრივია, რომ ახალი სახეები იქნებიან, განახლება ყველა ძალას სჭირდება. იმ ადამიანებმა, ვინც თავიდანვე ედგნენ კოალიციას სათავეში, ძალიან დიდი გამბედაობა გამოიჩინეს, ამას აკეთებდნენ საკუთარი ოჯახის, სიცოცხლის რისკის ფასად და უნდა დავაფასოთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც ახლა გვყავს და ბურთივით არ უნდა მოვისროლოთ ჩვენი მეგობრები, რომელთაც დიდი დამსახურება აქვთ“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.