საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ნაიჯელ ქეისისთან და ევროპულ და გლობალურ საკითხთა სამდივნოს კაბინეტის დირექტორთან, ენტონი ფილიპსონთან გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
ნაიჯელ ქეისიმ და ენტონი ფილიპსონმა საქართველოს პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყევი მხარდამჭერია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “ჩეთემ ჰაუზში” დისკუსიაში – “საქართველო: 2016 წლის არჩევნები და შემდგომი პერიოდი” მიიღო მონაწილეობა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა.
დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ეკონომიკურ პერსპექტივებსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა, ასევე მან შეკითხვებსაც უპასუხა.
დავით უსუფაშილთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორმა, ნილ მაკფარლენმა მიიღო.
“ჩეთემ ჰაუსში” გამართული დისკუსიის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ სერიოზული დაინტერესებაა.
“ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ საშინაო პოლიტიკურს და საგარეო პოლიტიკურს, ძალიან კარგია, რომ ბრიტანეთში არის ძალიან სერიოზული დაინტერესება საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ძალიან ბევრი კითხვა შეეხებოდა უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე სირიაში, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში, რუსეთის გააქტიურების ფონზეძ”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობაზე, მოლოდინებზე პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება ადეკვატური გადაწყვეტილებები ყველა დონეზე იმისთვის, რათა საქართველო გახდეს, რაც შეიძლება, უფრო სრულფასოვანი მონაწილე დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების სისტემის.
“აგრეთვე, ვისაუბრეთ ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე და სიახლეებზე. ევროპასთან სავაჭრო შეთანხმებამ გახსნა ახალი გზები და ამაზე გვქონდა საუბარი, ჩინეთის, ირანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაინტერესება საქართველოს მეშვეობით ევროპასთან კავშირებზე. ეს ძალიან ყურადღებით მოისმინეს ჩვენმა მასპინძლებმა. შევეხეთ შიდა საკითხებს, პოლიტიკურ თემებს, 2016 წლის არჩევნების თემას. მე გამოვთქვი სრული იმედი იმისა, რომ მომავალი არჩევნები თავისი სტანდარტებით იქნება კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე გვქონდა უკვე ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული წინა ორი არჩევნები. რაც შეეხება, პოლიტიკურ სპექტრს, სტუმრები დაინტერესდნენ იმითი, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი პარლამენტის კომპოზიცია. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ამასობაში, არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს ხალხის სხვადასხვა ჯგუფების ადეკვატური წარმომადგენლობა პარლამენტში. მე ვუთხარი, რომ თუ მომავალ პარლამენტში იქნებიან ისეთი პარლამენტის წევრებიც, რომლებიც სრულად არ იზიარებენ საქართველოს ნატო-ს თუ ევროპისკენ სვლის ტემპს თუ მიმართულებებს, ეს იქნება არა კატასტროფა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მყარი უმრავლესობა პარლამენტში ექნებათ პროდასავლურ, პროევროპულ ძალებს, არამედ, ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოთა შორის დგება, იმიტომ, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში სახეზეა განსხვავებული აზრების ერთობლიობა. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთს არ მივაწებოთ მოღალატის იარლიყი იმის გამო, რომ სხვადასხვა მოსაზრებებს ვიზიარებთ და არ ჩავიდინოთ რაიმე ისეთი, რაც სისხლის სამართლის კოდექსში წერია. დანარჩენი, პოლიტიკური თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, ჯონათან ჯანოგლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ამავე დღეს გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი შედიან, საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები