“ნატოს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”

ნატოს გენერალურმა მდივანმა მაქსიმალური დახმარება აღგვითქვა იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატოს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც მონაწილეობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტოლტენბერგმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ, მართლაც, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საგარეო უწყების ხელმძღავანელის განცხადებითვე, ნატოს გენმდივანმა შეხვედრაზე მათ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის წვლილისთვის.
კვირიკაშვილის თქმით, რთული იქნება ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსოლიდაციის მიღწევა, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული შედეგი იყოს გაცილებით უფრო მეტი, რაც დღეს გვაქვს.
“ჩვენ ვისაუბრეთ დეკემბრის მინისტერიალის მომზადების პროცესზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატოს გზაზე და, რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე.
განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში. გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატოს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით. თუ რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს მაპი თუ სხვა, ამას, რა თქმა უნდა, დრო გვაჩვენებს. ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, მაპი არის ის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და ეს არის ყველაზე მთავარი. რასაც ჩვენ ხაზი გავუსვით, არის, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წევრობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად პოლიტიკური დღის წესრიგში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები