„3 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც წლების განმავლობაში ინგრეოდა“
ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში ვანის რაიონზე გასულ სიუჟეტზე უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე აცხადებს,რომ „რუსთავი 2″ ცდილობს, საზოგადოებას ჩაუნერგოს იმის განცდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ინგრევა.
„რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია მხოლოდ ნეგატივს აშუქებს.
„ეს არხი ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ნიჰილისტური განწყობა. პირველი ადამიანი, ვისგანაც მათ ინტერვიუ აიღეს, იყო ბატონი ემზარ მაღლაკელიძე, რომლის შვილიც არის „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი დღესაც. და ეს ადამიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ გაამართლა ხალხის იმედები. ბატონი ემზარი ძალიან კარგი ადამიანია, ვიცნობ დიდი ხანია, მაგრამ ის იყო დაინტერესებული, დარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში. მეტსაც გეტყვით, მისი ვაჟი 2014 წელს არჩევნების დროს იყო გამგებლობის კანდიდატი და ვერ მოიგო არჩევნები, ამიტომ გასაგები და ბუნებრივია მისი პოზიცია. მეორე ბატონი, რომელიც ალაპარაკეს, რომელსაც ლიმონათის ყუთები მოჰქონდა და ამბობდა, რომ წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს, რადგან ძვირიაო – ეს ადამიანი არის ბატონი გურამ შარაშენიძე, რომელსაც სრულიად უფასოდ ოპერაცია გაუკეთეს საჩხერის საავადმყოფოში. როგორც ვიცი, მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს იმედი აქვს მეორე ოპერაციის დაფინანსების საქმეშიც. მაგრამ სიუჟეტში ეს ამოჭრეს. ანუ კარგი ამოჭრეს, ცუდი დატოვცეს. კიდევ ერთი რესპონდენტი – მურთაზ თოდუა, ამბობს, რომ დეპუტატი რაიონში ხშირად ჩამოდის და ბევრ რამე გვიკეთებსო. თუმცა სიუჟეტში მხოლოდ ის დატოვეს, პენსია მხოლოდ 10 ლარით მოგვიმატეს, წამლები კი 20 ლარით გაგვიძვირდაო. ანუ პოზიტიური ამოჭრეს, და მხოლოდ ნეგატიური დატოვეს!” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ტენდენციის დახატვა, რომ რაიონებში მხოლოდ ნეგატიური ხდება, გაუმართლებელია.
„მე განახებთ ათასჯერ მეტ ადამიანს, რომელიც იქნება მადლიერი, რომ ბევრი რამ კეთდება. 3 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც წლების განმავლობაში ინგრეოდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.