„ნაცმოძრაობას“ ვურჩევ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავი დაანებონ და 2016 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ”

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოთხოვნას გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნულ მოთხოვნას აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა დღეს დღის წესრიგში არ დგას.
ამასთან, ანი მიროტაძე „ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავი დაანებონ და 2016 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.
„მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი საკონსტიტუციო მოთხოვნები აქვს. არცერთი ეს მოთხოვნა დღეს დღის წესრიგში არ დგას. არანაირი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა და შესაძლოა, მოსახლეობა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ვაკეთებთ, ვერ ვხედავ ვერანაირ წინა პირობას, დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. „ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავი დაანებონ და მოემზადონ 2016 წლის არჩევნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. ვერავინ გაბედავს, რაიმე ფორმით გაყალბდეს არჩევნები. ხელისუფლებას არ სურს, ყველა ის დემოკრატიული შედეგი, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება, გადაიფაროს რაიმე გადაცდომებით. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ვფიქრობ, არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, თითოეული სუბიექტი სწორად წარმართული საარჩევნო პოლიტიკური პროცესის პირობებში შეძლებს შესაბამისი შედეგის მიღებას”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც საზოგადოების წინაშე ბევრი დანაშაული ჩაიდინა, ვერასდროს დაიკავებს შესაბამის ადგილს. „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მარტო იყო და ახლაც მარტოა, როდესაც ოპოზიციაშია. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დარჩება მარტო სხვა დროსაც, ვინაიდან პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების წინაშე ამდენ დანაშაულს ჩაიდენს, ვერასდროს დაიკავებს შესაბამის ადგილს. ეჭვი მეპარება, რომ მათ ვინმემ მხარი დაუჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს იმ უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაიმე ფორმით ითანამშრომლო „ნაციონალურ მოძრაობასთან”. პირადად ჩემთვის, „ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა ნიშნავს, გაიკეთო მომაკვდინებელი პოლიტიკური ჰარაკირი და ვერასდროს ვეღარ გქონდეს პრეტენზია, რომ ხარ სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. ასევე წარმატებებს ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები