ზვიად კვაჭანტირაძე: არცერთი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი მწირი ბიუჯეტი არ აქვს
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენნაირი საგარეო გამოწვევების მქონე არცერთ ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის ასეთი მწირი ბიუჯეტი არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტარაძემ განაცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, არცერთი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი ბიუჯეტი არ აქვს.
სხდომაზე კვაჭანტირაძე დაინტერესდა, რა სამუშაო წარიმართა ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან მივლინებებში მყოფი ქართველი დიპლომატების ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით.
კვაჭანტირაძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა. ამ უკანასკნელის თქმით, აუცილებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამივლინებო ხარჯების ზრდა, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რესურსზე, რაც სახელმწიფოს გააჩნია.
გარდა ამისა, კაკაურიძის ინფორმაციით, 2016 წლიდან დიპლომატების დაზღვევა განხორციელდება და ახლა მუშაობა სქემაზე მიმდინარეობს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.