გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი ეწვია.
შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმერ გასპარიანმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე საუბარი ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო.
საქართველოს შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
აღნიშნული ვიზიტი 2014 წლის დეკემბერს ქალაქ ერევანში განხორციელებული შეხვედრის საპასუხოდ გაიმართა.