გიორგი კვირიკაშვილი: როდესაც ობამას გამოსვლას ვუსმენდი, მინდოდა, საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში

მე მგონია, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია არის დაბალი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, მას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლაში რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში ნახსენები ყოფილიყო საქართველოც. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მომავალში გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.
“მე მგონია, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია არის დაბალი. პრეზიდენტ ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებას ალბათ უფრო იმ მიზეზს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა არის გაცილებით უფრო ცხელი წერტილი. დღეს იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არც გიმალავთ. ალბათ, მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საერთოდ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური, გამომდინარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემებიდან და ასევე გამომდინარე იმ ჰუმანიტარული სიტუაციიდან, რომელიც ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს.
მგონია, რომ ამით ყველაფერი ვთქვი, რაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით მეთქვა. ვერ ვიგრძენი ამერიკის ხელისუფლების პირებთან შეხვედრის დროს, როცა მათ შორის შედგა ცალმხრივი შეხვედრა საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მონაწილეობით, რომ ჩვენი თემა რაიმე კუთხით არის უფრო ნაკლებად აქტუალური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეც, რა თქმა უნდა, როდესაც ვუსმენდი პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრს, მინდოდა საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები