„კარგი იქნებოდა, არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტის ვიზიტისას ვაშინგტონში ყოფილიყო“

კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილის განმარტებით, ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით იქნა მიღებული.
მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მას ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძესთან და მას შესთავაზა, პრეზიდენტის ვიზიტი ცალკე მომზადებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
“პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან წარმატებული და სასარგებლო ორი ვიზიტი იყო. ამ მიმართულებით, ამ წარმატებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც ამერიკაში ჩვენი საელჩოს, ასევე გაეროსთან ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ჩემი დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების კუთხით, ბატონ თენგიზ ფხალაძესთან.
მას შევთავაზე, რომ იქნებ მომხდარიყო პრეზიდენტის ცალკე ვიზიტის დაგეგმვა. ამ შემთხვევაში მე მათ, რა თქმა უნდა, ასევე აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით, გაგვეკეთებინა ძალიან კარგი, წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და უკვე იმ მოცემულობაში, როცა ეს ასე არ მოხდა, მე, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში.
თუმცა, გამომდინარე პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომელიც იყო გაეროს ფორმატს მიღმა და იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში. ამაში უკანონობის დანახვა არის გადამეტება, იმიტომ რომ უკანონო ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, ის, რომ ამ საკითხებზე ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება, მიმაჩნია, რომ არის ცუდი და, ვფიქრობ, რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების დაგეგმვისას, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისთვის.
მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები, მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას, აშშ-ში საქართველოს ელჩი გააკრიტიკა.
გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ურჩია, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები