„ელჩი აშშ-ში პრეზიდენტს ვერ შეხვდებოდა, რადგან ამ დროს საქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს ნიუ-იორკში მართავდა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა. დეპუტატი კონგრესში კონგრესმენებს: დევიდ პრაისს, ჯიმ მაკდერმოტტის, დერიელ ისსას და პიტერ რისკას შეხვდა. ქუცნაშვილის თქმით, კონგრესმენებთან საუბარი საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის განვითარების საკითხებს შეეხო.
„აშშ-ში ყველა მთავარი თანამდებობის პირი: პრეზიდენტი, სენატორი და კონგრესმენი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევა. ამასთან, თუ კონგრესმენების არჩევისას საარჩევნო ოლქები თანაბარ, 800 000- ამომრჩევლიან, ერთმანდატიან ოლქებად არის დაყოფილი, სენატორის არჩევისას ყველა შტატი, ამომრჩეველთა რაოდენობის მიუხედავად, მაჟორიტარული სისტემით 2-2 სენატორს ირჩევს. კონგრესმენ დევიდ პრაისის აზრით, შერეული საარჩევნო სისტემა იდეალურ საარჩევნო სისტემას წარმოადგენს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილი ასევე ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომასაც დაესწრო, სადაც კიბერ ომის და ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების საკითხები იყო განხილული.
ქუცნაშვილის თქმით, კომიტეტის სხდომაზე ჩვენება მისცა ჯორჯსტოუნის უნივერსიტეტის დოქტორმა, ქალბატონმა ლოტრიანტემ, რომელიც თავის გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასაც შეეხო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის ქართულ დიასპორასთან შეხვედრას დაესწრო. დეპუტატმა კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკმაყოფილებაზეც გააკეთა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც საქართველოს ელჩი შტატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს ვერ შეხვდა.
„შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური იყო. დარბაზი სავსე იყო ქართველებით. პრეზიდენტმა წარმოთქვა სიტყვა, რის შემდეგაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მისთვის კითხვები დაესვათ. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტს არ დახვდა ელჩი გეგეშიძე, გეტყვით, რომ ის საქართველოს მარტო ერთ ქალაქში კი არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს. იმ დროისთვის, როცა პრეზიდენტი იმყოფებოდა ვაშინგტონში, ელჩი ამ დროს საქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქ ნიუ-იორკში მართავდა. დიპლომატიური პროტოლოკით ყოველთვის ასე ხდება, რომ ელჩი ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და იქ მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.