კახა კალაძისთვის “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
“გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით, რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროებს შორის გარკვეული პრობლემები იყო და ზუსტად ამ დეტალებზე არის მოლაპარაკებები.
“მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება და საქმე არბიტრაჟურ დავამდე არ მივა”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები