ტუბერკულიოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება – ახალი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ” ახალი კანონპროექტი განიხილა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კანონპროექტის თანახმად, ტუბერკულიოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობამ შედარებით იკლო, ის მაინც საკმაოდ მაღალია. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულიოზის 3450 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. ხეჩინაშვილის განმარტებით, პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობა გარკვეული მიზეზების გამო მკურნალობის რაღაც ეტაპზე მკურნალობას წყვეტს და ინფექციის გადადების კუთხით, საზოგადოებისთვის საშიში ხდება.
„ ტუბერკულიოზი ინფექციური, აირ წვეთოვანი დაავადებაა. ის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით ტუბერკულიოზის 9 მილიონი ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. ჩვენი მიზანია, პაციენტების სრული განკურნება და, ამასთანავე, საზოგადოების დაცვა საშიში დაავადებისგან. ამას არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფდა. გასულ წელს საქართველოში ტუბერკულიოზის 3450 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს ბევრია. ევროპის რეგიონში, ეპიდომოლოგიური სიტუაციის ფონზე 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, ჩვენ ტუბერკულიოზის მაღალი რიცხვით 53 ქვეყანაში მეოთხე ადგილი გვიკავია. კანონოპროექტი, რომელიც, ზოგადად, ტუბერკულიოზის საკანონმდებლო ჩარჩოებში კონტროლს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, წამლებისადმი მდგრადი, მულტირეზისტენტული ტუბერკულიოზის მიმართულებით არის აქცენტირებული“, – განაცხადა გიორგი ხეჩინაშვილმა.
ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვთ, კანონპროექტის შედგენამდეც დღეს მოქმედი რეგულაციებით პაციენტები უფასო გამოკვლევით, უფასო პრეპარატებით, უფასო ჰოსპიტალიზაციით სარგებლობენ, თუმცა, როგორც დეპუტატმა განმარტა, ამის მიუხედავად, მენტალურ თუ სხვა გარემოებათა გამო რეზისტენტული ტუბერკულიოზის შეწყვეტილი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში დღეს 30%- მდე აღწევს. სწორედ ამის გამო კანონპროექტში მთავარი სიახლე არის ის, რომ შემოდის დეფინიცია „არანებაყოფლობითი მკურნალობა“. ანუ, თუკი პაციენტი არ ასრულებს დადგენილ ეროვნულ რეკომენდაციებს ტუბერკულიოზის მკურნალობასთან დაკავშირებით, გარკვეული გაფრთხილებების შემდეგ ის არანებაყოფლობით მკურნალობას დაექვემდებარება.
„ კანონი, ერთი მხრივ, არის ფოკუსირებული იმაზე, რომ შემსრულებლებმა, სერვისის მიმწოდებლებმა სავალდებულო გამოკვლევები მკაცრად განახორციელონ, რადგან აქ უკვე არა მარტო იმ მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების პრობლემა, არამედ, ზოგადად, საზოგადოების პრობლემა ხდება. ერთი მულტირეზისტენტული ტუბერკოლიოზის მქონე პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს ერთი კურსის მანძილზე, 1,5- 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარი უჯდება. სახელმწიფო უკვე კანონის დონეზე იღებს ვალდებულებას მოსახლეობის წინაშე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის და, უფრო მეტიც, სოციალური მხარდაჭერის კუთხით. კანონპროექტს მსვლელობა უკვე მიეცა. კანონპროექტი ამოქმედდება 2017 წლიდან, რადგან მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო, საჭირო იქნება არადამყოლი პაციენტების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, პაციენტის დროებითი იზოლაცია და ასე შემდეგ“,- განაცხადა გიორგი ხეჩინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები