არჩილ გეგეშიძე საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც გეგეშიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა, არსად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ელჩი ქვეყანაში ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტის დროს.
მისი თქმით, შესაბამისად, პროტოკოლი არ დარღვეულა.
“ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და, მეორე მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ – იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა.
პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას, აშშ-ში საქართველოს ელჩი გააკრიტიკა.
გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ურჩია, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ნიუ – იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.