მარგველაშვილი უკეთესი საარჩევნო სისტემის მისაღებად პოლიტიკურ სპექტრს თანამშრომლობას ურჩევს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკეთესი საარჩევნო სისტემის მისაღებად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ითანამშრომლოს.
როგორც პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან არჩევნები საქართველოს მოსახლეობისთვის ტარდება.
„არჩევნების წინ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლიდით უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით. უფრო სამართლიანად პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საჭიროდ მიაჩნიათ მაჟორიტარული სისტემის შეცვლა და ეს გასათვალისწინებელია პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.
როდესაც მე ვნახე, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, მე მაშინვე გავაკეთე განცხადება და მათ მოვუწოდე, რომ ეს საკითხი განხილულიყო იმ ორგანოში, რომელიც ამ მიზნისთვის შეიქმნა და სხვათაშორის ამ ხელისუფლების მიერ – ეს არის საკონსტიტუციო კომისია, სადაც ყველა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.
სწორედ იქ უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უმრავლესობის მიერვე შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას აექცა გვერდი და პირდაპირ პარლამენტში მოხდა ამ წინადადების ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში ხელისუფლებამ და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ითანამშრომლოს და ისე მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, თუ რა ფორმით ჩატარდება არჩევნები.
ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნები ტარდება არა უმრავლესობისთვის, ან თუნდაც ძლიერი ოპოზიციისთვის, არამედ არჩევნები ტარდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება, ავირჩიო ხელისუფლება. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება განვსაზღვროთ, ვინ იქნება მომავალი უმრავლესობა პარლამენტში, ვინ იქნება მომავალი მინისტრი და ა.შ.
მე პირდად ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიციის ხმა იქნას გაგონილი და ოპოზიციამ უმრავლესობასთან ინტენსიური დიალოგით ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ამ მიმართულებით წინ ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. ამ მონაპოვარში რწმენა უნდა გაღრმავდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩეველს გაუჩნდა იმის განცდა, რომ მისი ხმა არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებით შეიძლება შეცვალო ხელისუფლება. ახლა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ეს პროცესი. ის, რანაირადაც ჩატარდება მომავალი არჩევნები, არ უნდა იყოს სწორი და სამართლიანი მარტო უმრავლესობის თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს გაზიარებული და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.