პრეზიდენტი “საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე” განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და ნიუ-იორკში გაკეთებული განცხადება განმარტა, სადაც “საქართველოს რადარებიდან გაქრობის” შესახებ გაკეთდა განცხადება.
როგორც პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას აღნიშნა, რადარებიდან გაქრობის შესახებ მოსაზრება აშშ-ს მხარეს ეკუთვნის, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ობამას გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლის მოსმენის შემდეგ გაიზიარა.
„აშშ პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან საუბრობდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს თავის მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და ერთადერთი მაგალითი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა ობამამ, ეს უკრაინის მაგალითი იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველმა იწვნია თავზე რუსეთის აგრესია. საქართველოს ხსენება აბსოლუტურად ბუნებრივი იყო,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, მისთვის მძიმე იყო ბარაკ ობამას აღნიშნული გამოსვლის მოსმენა.
„მე ამ ნაწილში ობამას კრიტიკოსი ვერ ვიქნები. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ის ვითარებაა, როდესაც საქართველოს საკითხი იმ ნაწილში, სადაც კითხვის ნიშანი არ არსებობს, სადაც ვართ თავიდან ბოლომდე დაჩაგრული და დაპყრობილი მხარე, ბუნებრივია, მე გული მტკივა როდესაც ასეთი რიტორიკა არ მესმის,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები