პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უელსში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით უელსში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, დელეგაციამ შეხვედრა გამართა კარდიფის მერთან, დევიდ უოკერთან, რომელმაც ქართველ დეპუტატებს ქალაქისა და მერიის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
იმავე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კარდიფის საბჭოს წარმომადგენლებს-ეკონომიკური განვითარების სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს-ნილ ჰანრადს და სამსახურის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) და ამ ჭრილში, საქართველოს გეოგრაფიულ და ეკონომიკური პოტენციალზე ისაუბრეს.
საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებით, მეზობელ ქვეყნებთან-კონკრეტულად კი, რუსეთთან ურთიერთობითა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებითაც დაინტერესდნენ. იმსჯელეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც. მასპინძელმა მხარემ ქართველ დეპუტატებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ისინი, როგორც უელსის, ასევე, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, ბიზნესისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად ახორციელებენ. საბჭოს წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციას რეგიონსა და ცენტრს შორის კომპეტენციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილების და რეგიონის საფინანსო-ეკონომიკური მმართველობის ასპექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უელსს შორის სამომავლო ურთიერთობების პოტენციალი და პერსპექტივებიც.
4 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა კარდიფის პოლიციის ხელმძღვანელთან, სტიუარტ პარფიტთან გამართა. კარდიფში, რომელიც ხშირად მასპინძლობს მაღალი დონის სამიტებს და ასევე, 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, პოლიცია საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ქართული საპარლამენტო დელეგაცია სამართალდამცავი ორგანოს მუშაობით, ბიუჯეტით და მის წინაშე მდგარი გამოწვევებით დაინტერესდა. ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართველ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
5 ოქტომბერს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები უელსის ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტში) გამართა. უელსის მთავრობის წყალდიდობების და ნაპირის ეროზიის რისკის მენეჯმენტის განყოფილების უფროსთან, ჯეიმს მორისთან და წყალდიდობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ადრიან ფილპორტთან შეხვედრაზე ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული კრიზისების მართვის შესახებ ისაუბრეს.
მასპინძელი მხარე 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობით დაინტერესდა. ჯეიმს მორისმა და ადრიან ფილპორტმა ქართველ დეპუტატებს ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზაციის, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მენეჯმენტის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, უელსი მზადაა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიაროს. დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივებიც.
ამავე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უელსის ეროვნული ასამბლეის პოლიტიკისა და საკანონმდებლო კომიტეტის წარმომადგენლებთან-კრის უორნერთან და ლარა დეიტთან გამართა შეხვედრა, სადაც საპარლამენტო პროცედურებზე, უელსის პარლამენტის დევოლუციისა და რეგიონალური მმართველობის საკითხებზე, ასევე,შიდასაკანონმდებლო პრაქტიკაზე ისაუბრეს. კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს მთავრობასა და პარლამენტს შორის და პარლამენტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
დღეს ბოლო სამუშაო შეხვედრა ქართულმა დელეგაციამ საარჩევნო რეფორმების საზოგადოების უელსის წარმომადგენლობის დირექტორთან, სტივენ ბრუქსთან გამართა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის საარჩევნო სისტემები, უელსში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები, ასევე, მათ გადაჭრის გზები და პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები