ასოციაცია „ჰერა XXI“ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კონტრაცეფციის შესახებ საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა
კონტრაცეფციისა და უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“-მ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაღრმავების კუთხით არაერთი ღონისძიება განახორციელა, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ჰერა XXI“ – ს იურიდიულმა კონსულტანტმა მარი ჯობავამ ისაუბრა.
ღონისძიებების ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ, სასაჩუქრე პაკეტის სახით კონტრაცეფციის საშუალებები გადასცეს და მათი რეპროდუქციული უფლებების შესახებ ესაუბრნენ. „კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა, ღონისძიებებმა როგორც თბილისი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონები მოიცვა. ღონისძიება დაიწყო 26 სექტემბერს და 1 ოქტომბერს დასრულდა. ღონისძიების დასაწყისში ორგანიზაციის თანასწორ განმანათლებლებმა მოიცვეს თბილისის, ქუთაისის, სამეგრელოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, სადაც ახალგაზრდებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ. მათ სასაჩუქრე პაკეტის სახით კონტრაცეფციის საშუალებებიც გადაეცათ. ღონისძიების კვირეულის ფარგლებში ასევე ჩვენი ორგანიზაციის ექიმმა რეპროდუქტოლოგმა წეროვანისა და თბილისის ზღვის მიმდებარედ მცხოვრებ დევნილებს და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაცია გაუწია. კამპანიის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბრუშურები რომელიც კონტრაცეფციის საშუალებებს, რეპროდუქციულ უფლებებს შეეხებოდა“,- განაცხადა მარი ჯობავამ.
ჯობავამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კონტრაცეფციის საშუალებებს როგორც სქესობრივ დაავადებებთან, ასევე ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ამ მხრივ ინფორმირებულობის დონე მოსახლეობაში საკმაოდ დაბალია.
„ისინი არ ფლობენ ამომწურავ და სრულ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვმა იმატა და ეს პირდაპირ უკავშირდება არაინფორმირებულობას“,- აღნიშნა ჯობავამ. „ჰერა XXI“-ის კონსულტანტის განცხადებით, ორგანიზაცია მოსახლეობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ექიმი რეპროდუქტოლოგის და საჭიროების შემთხვევაში იურისტის უფასო კონსულტაციას სთავაზობს.